ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს, საკითხზე კენჭისყრა კი ოთხშაბათს გაიმართება. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა ევროპული სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით დააყენა. მას ასამბლეის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს ოპოზიციაც. სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს თხოვნით ჯერ კიდევ 9 იანვარს მიმართეს. ქართული ოცნების დეპუტატების შეფასებით, ოპონენტები საქართველოს ინტერესების დაზიანებას განაგრძობენ. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.