ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს, საკითხზე კენჭისყრა კი ოთხშაბათს გაიმართება. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა ევროპული სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით. მას ასამბლეის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს ოპოზიციაც. სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს თხოვნით ჯერ კიდევ 9 იანვარს მიმართეს. ქართული ოცნების შეფასებით, კი ოპოზიციის ქმედებაში ახალი არაფერია და ოპონენტები საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და საკუთარ დესტრუქციულ დღის წესრიგს განაგრძობენ.