სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ამბოხებისთვის ბრალი წაუყენეს. იოლის იურიდიულმა გუნდმა ბრალდება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ გამოძიების უკანონობას გამოააშკარავებს. BBC-ი წერს, რომ სამხრეთ კორეაში ამბოხება სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, ოფიციალურად გაათავისუფლოს იუნ სუკ იოლი პრეზიდენტის თანამდებობიდან თუ მისი უფლებამოსილება აღადგინოს. ამბოხების ბრალდება იუნ სუკ იოლის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება, რის მიზეზადაც მან ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან დაცვა გამოაცხადა.