დღეს, 25 იანვარს უწყვეტი პროტესტის 59-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდამჭერი მარშები გუშინ დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე, "ახალი თეატრის" ტერიტორიიდან დაიძრა. ასევე, მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ გიორგი ახობაძისა და საბა სხვიტარიძის მეგობრები, ნათესავები და მხარდამჭერები. კიდევ ერთი დაკავებულის, ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები და ნათესავები კი ავლაბრის მოედნიდან დაიძრნენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მათე დევიძისა და ანრი კვარაცხელიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ასევე გაიმართა ონლაინ გამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში. მედიის წარმომადგენლებმა და მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყეს მსვლელობა.