ყაზახეთმა “აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები რუსეთსა და აზერბაიჯანს გადასცა. რუსული მედიის ინფორმაციით, საკითხის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ავიაკატასტროფის გამოძიების კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა ისაუბრა. შეგახსენებთ, “აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა. ყაზახეთმა შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. ბრაზილიაში საჰაერო ძალების მონაცემები ამოიღეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს.