გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე დაღუპული მაშველებმა სხვა დასახლებულ პუნქტში იპოვეს, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა.