აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ერთ-ერთი ბრძანების თანახმად, კრიპტოვალუტის სფეროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გახდება მსოფლიოს „კრიპტოკაპიტალი“ და ეს ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს. კიდევ ერთი განკარგულება აბორტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 23 აქტივისტის შეწყალებას მოიცავს. ტრამპის თქმით, მათი, განსაკუთრებით კი ხანდაზმული პირების დევნა არც უნდა დაწყებულიყო. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ერთ-ერთი ბრძანებით ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს სტატუსი მოხსნა. ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გაასაჩივრებს სიეტლის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც, შეერთებულ შტატებში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობას ავტომატურად აღარ ანიჭებდა.