ვასო აბაშიძის ახალი თეატრი რეგიონებში გასვლას თებერვლიდან აანონსებს. როგორც მსახიობები ამბობენ, პერფორმანსი ანალოგიური იქნება. ისინი თეატრალიზირებული დადგმით საკუთარ პროტესტს ამჯერად რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან დააფიქსირებენ. გუშინ, მსახიობებმა სპექტაკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ არა თეატრს შიგნით, არამედ თეატრის გარე ტერიტორიაზე განსხვავებული ვერსიით გააცოცხლეს. ადგილზე სხვადასხვა თეატრების წარმომადგენლები და მათი მაყურებლები შეიკრიბნენ. მსახიობებმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვეს. ისინი ამბობენ, რომ თეატრი ხელისუფლების მორჩილი არასოდეს გახდება. გადავარჩინოთ ადამიანი, ადამიანში - სწორედ ეს იყო პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მთავარი გზავნილი. მსახიობმა კოლეგებს აღნიშნული წერილი საპატიმროდან გამოუგზავნა - მისი გზავნილები კი მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა წაიკითხა.