სად ქრება საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული მანქანების დიდი ნაწილი? ბიზნეს პრეს ნიუსმა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების მხოლოდ 17.5 % ჩადის. რატომ არის საინტერესო ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა? იმიტომ, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მესამედი სწორედ ყირგიზეთზე მოდის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რეკორდულად გაიზარდა. თუ მაგალითდ 2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 40 711 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ჯამში დაახლოებით 400 მლნ დოლარის ღირებულების იყო, 2024 წელს ექსპორტის მოცულობამ 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაოდენობრივად კი 106 ათას ერთეულზე მეტი იყო. ამავე პერიოდში რეკორდულად გაიზარდა მანქანების ექსპორტი ყირგიზეთში. თუ 2020 წელს ცენტრალური აზის ამ ქვეყანაში მხოლოდ 931 მანქანა გაიყიდა, ჯამში დაახლოებით 8 მლნ დოლარის, 2024 წელს საქართველოდან ყირგიზეთში 34 560 ავტომობილი გავიდა, შემოსავალმა კი მილიარდ 194 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 2020 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში ყირგიზეთის წილი მხოლოდ 3% იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 33%-მდე გაიზარდა. თუმცა ყველაზე საინტერსო ის არის, რომ გასულ წელს საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი 25 652 მანქანა დანიშნულების ადგილზე არ ჩასულა. ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან ყირგიზეთში 5 440 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, მაშინ როცა საქართველოდან ყირგიზეთში 31 092 მანქანა გაიგზავნა. შესაბამისად, გამოდის, რომ 2024 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი მანქანებიდან მხოლოდ 17.5% ჩავიდა, რაც გარკვეულწილად რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. როგორც ცნობილია, საქართველოდან უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში ავტომობილების ექსპორტი 2023 წლის აგვისტოდან შეჩერდა, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთთან ავტოექსპორტის აკრძალვის შეზღუდვას უკავშირდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ავტომობილების ექსპორტის ზრდა ცენტრალური აზიის, განსაკუთრებით კი ყირგიზეთის მიმართულებით. ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ექსპორტირებული მანქანების 80%-ზე მეტი ქვეყანაში არ ჩადის და შუა გზაში მფლობელს იცვლის.