PMCG- ის კვლევით ირკვევა, რომ ქვეყანაში გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 9 600 ლარს აჭარბებს. რაც შეეხება ზოგადად ხელფასის მიმღებთა რაოდენობას, როგორც კვლევიდან ჩანს, გასული წლის დეკემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, მაგრამ თვის ჭრილში შემცირდა- 2,5%-ით. 2024 წლის დეკემბერში ყოველთვიურად ხელფასს საქართველოში 982 802 ადამიანი იღებდა. საინტერესოა, რომ უმრავლესობის შემთხვევაში ხელფასი 1200 ლარიდან 2400 ლარამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად კი, 146 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასი 600 ლარამდეა, 206 ათასზე მეტი პირის - 1200 ლარამდე, 324 ათასზე მეტის შემთხვევაში 1200-დან 2400 ლარმდე, ხოლო 284 ათასი პირის ხელფასი 2400 ლარს აჭარბებდა. ამავე კვლევის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა მთლიან მაჩვენებელში 9600 ლარზე მეტ შემოსავალს დასაქმებულთა 4.6% იღებდა. ამასთანავე, დეკემბერში წლიურად 0.8%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალიც 9 600 ლარს აჭარბებს.