თბილისში პარკირების ჯარიმებით ბიუჯეტში 17 მლნ ლარი შევიდა, თუმცა მაჩვენებელი წლიურად შემცირებულია. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებისთვის ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა 17 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს, მაშინ როცა 2023 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 19 მილიონ ლარს აჭარბებდა. გამოდის, რომ წლიურად მაჩვენებელი შემცირებულია. ამავე მონაცემებით ირკვევა, რომ მხოლოდ დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტში თბილისის მასშტაბით, არასწორი პარკირების გამო დაწერილი ჯარიმებით 997 167 ლარი შევიდა. მოგეხსენებათ, რომ 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 218 092 463 ლარი შევიდა, 2023 წელს კი - 216 400 430 მლნ ლარი.