ევროკავშირი მზად არის ითანამშრომლოს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც ვაშინგტონს აშფოთებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა POLITICO-ს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ გზავნილებს, რომელიც მოდის იქიდან, თეთრი სახლიდან. ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: მზად ვართ ვითანამშრომლოთ. გვინდა, მაგიდაზე დავდოთ თანამშრომლობის პაკეტი და მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
POLITICO წერს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპის მუქარამ ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებში შიში გამოიწვია. კერძოდ, ლიდერებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ტრამპის დაპირება ჩინეთისთვის უფრო მაღალი, სადამსჯელო ტარიფების დაწესების შესახებ გამოიწვევს ევროპული ბაზრის „დატბორვას“ იაფი ექსპორტით, რომელიც ოდესღაც აშშ-ის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტრანსატლანტიკური სავაჭრო დეფიციტის გამო ადანაშაულებს.
„ისინი საერთოდ არ იღებენ ჩვენს მანქანებს. ისინი, ძირითადად, არ იღებენ ჩვენს ფერმის პროდუქტებს. ძალიან ბევრ რამეს არ იღებენ. ჩვენ გვაქვს 350 მილიარდი დოლარის დეფიციტი ევროკავშირთან. ისინი ცუდად გვექცევიან, ამიტომ ტარიფების დაწესება ელოდებათ“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.