* ჯეიმს ბრაუნი -
ამერიკელმა მუსიკოსმა, "მისტერ დინამიტად" წოდებულმა ჯეიმს ბრაუნმა, რომელიც კრიტიკოსებმა მე-20 საუკუნის პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად დაასახელეს, პირველ რიგში, შესრულების უჩვეულო მანერით გაითქვა სახელი. 50-წლიანი კარიერის მანძილზე, ბრაუნმა, ე.წ. "შავი მუსიკის" თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები და არა მხოლოდ ბრწყინვალე ჰიტები შექმნა, არამედ ისეთი მიმდინარეობის ფუძემდებლად იქცა, როგორიც სოული და ფანკია.
* * *
ჯეიმს ჯოზეფ ბრაუნი 1933 წლის 3 მაისს დაიბადა სამხრეთ კაროლინას ქალაქ ბარნუელში, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი ჯორჯიას შტატში, ქალაქ ატლანტაში გაატარა, რადგან ნაკლებად შეძლებულმა მშობლებმა მასზე მეურვეობა ადრეული ასაკიდანვე დეიდას გადააბარეს, რომელიც საროსკიპოს პატრონობდა და არც ზნეობრივი ნორმების დაცვით იწუხებდა თავს, არც მცირეწლოვანი ჯეიმსის აღზრდით.
მოზარდმა ჯეიმსმა, რომელიც ბავშვობიდანვე ურჩობითა და თავზეხელაღებულობით გამოირჩეოდა, მუშაობას კრიმინალური ცხოვრება ამჯობინა და ჯერ მშობლიური გეტოს მაღაზიები "გაასუფთავა", მერე თეთრკანიანთა კვარტალში გადაინაცვლა, თუმცა პოლიციამ გამოიჭირა და ქურდობის ბრალდებით 16 წლის ასაკში საპატიმროში მოხვდა.
* * *
სწორედ ციხეში გაიტაცა ბრაუნი მუსიკამ, როცა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარ თავში სიმღერის ნიჭი და რამდენიმე კონცერტიც მოაწყო პატიმრებისთვის ცნობილი ჰიტების შესრულებით. მართალია, გათავისუფლებულმა ჯეიმსმა სპორტში მოინდომა შესაძლებლობების მოსინჯვა და ჯერ ბეისბლისტობა სცადა, მერე მოკრივეობა, მაგრამ ვერც მოედანზე ივარგა, ვერც კრივის რინგზე.
იმედგაცრუებულმა ბრაუნმა ისევ კრიმინალურ ცხოვრებას დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ძალიან გაუმართლა, რადგან პროდიუსერმა რალფ ბასმა, რომელმაც ციხეში მოისმინა მისი მუზიცირება, ახლად შექმნილ ჯგუფში The Famous Flames-ში მიიწვია ვოკალისტად.
პირველი ტურნე კოლექტივმა ამერიკის სამხრეთ შტატებში მოაწყო და ანალოგიური ჯგუფების მსგავსად პოპულარული კომპოზიციების საკუთარი ვერსიები შესთავაზა პუბლიკას. მართალია, კარიერის დასაწყისში ბრაუნის აუდიტორიას მხოლოდ სამხრეთული შტატების შავკანიანი მოსახლეობა წარმოადგენდა, მაგრამ ემოციური შესრულების მანერითა და ერთგვარი შეძახილებით სცენიდან, რაც იმ პერიოდისთვის უცხო და მოულოდნელი აღმოჩნდა, მუსიკოსმა მაინც შეძლო კონკურენტების ფონზე თავის გამოჩენა.
* * *
სადებიუტო კომპოზიცია Please, Please, Please ბრაუნმა 1956 წელს ჩაწერა, რასაც ორი წლის შემდეგ ამავე სახელწოდების ალბომი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Please, Please, Please, რომელიც Billboard-ის როკ-ენ-როლის ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა, დღეს სოულის ჟანრის ერთ-ერთ პირველ კომპოზიციად ითვლება.
იშვიათი ტემპერამენტის, პლასტიკურობისა და ორიგინალური მოძრაობები წყალობით, ბრაუნი ყოველთვის ახერხებდა უნიკალური ატმოსფეროს შექმნას და ნებისმიერი კონცერტის დაუვიწყარ შოუდ ქცევას. მეტიც, ამბობენ, თითქოს მუსიკოსს, რომელიც ყოველ კონცერტზე სრულად იხარჯებოდა, სცენიდან გასულს ორგანიზმის გამოფიტვისგან ხშირად გულიც მისდიოდა.
* * *
ბრაუნის "ოქროს ხანად" 1960-იანი წლების მეორე ნახევარი იქცა, როცა ბალადები It’s a Man’s, Man’s, Man’s World და I Got You (I Feel Good) გამოვიდა, რომელთაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა და დღემდე არ კარგავენ აქტუალურობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ "მარადიულ ჰიტად" წოდებულ კომპოზიციაში I Got You (I Feel Good), გააძლიერა ბრაუნმა საყვირის, საქსოფონის პარტიები და გამოიყენა შესრულების ახალი - ტექსტის პირველ ნაწილზე აქცენტის გაკეთების სტილი, რაც მოგვიანებით მის სახასიათო თავისებურებად და სავიზიტო ბარათად იქცა.
ერთი წლის შემდეგ ბრაუნმა მორიგი ჰიტი Papa’s Got a Brand New Bag შესთავაზა პუბლიკას და არა მხოლოდ მელომანების მოწონება, არამედ "გრემის" პრემიაც დაიმსახურა, თუმცა Billboard-ის ჩარტში მაინც ვერ შეძლო ლიდერის პოზიციის მოპოვება. სხვათა შორის, კარიერის მანძილზე მუსიკოსის კომპოზიციები 94-ჯერ მოხვდნენ პრესტიჟული მუსიკალური ჟურნალის რეიტინგში, თუმცა პირველი პოზიციის დაკავება მაინც ვერ მოახერხეს.
* * *
1970 წელს, ენერგიული საცეკვავო კომპოზიციის Sex Machine-ის ჩაწერის შემდეგ, ბრაუნმა ექსპერიმენტებს მიმართა და რამდენიმე ჟანრის გაერთიანება სცადა. როგორც ჩანს, ექსპერიმენტმა გაამართლა, რადგან მუსიკათმცოდნეების განცხადებით, სწორედ ასე გაჩნდა ფანკის ჟანრი. მეტიც, ბრაუნის თაყვანისმცემელთა მტკიცებით, ჰიპ-ჰოპის ფუძემდებელიც სწორედ ჯეიმს ბრაუნია, რადგან თანამედროვე შემსრულებლები სწორედ მას დაესესხნენ მუსიკალურ ინტონაციასა და ჟღერადობას.
1970-იანი წლების მეორე ნახევარში ბრაუნის შემოქმედებამ, რომელიც მეტწილად შავკანიან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და ისეთი კომპოზიციებით შეივსო როგორიც Say It Loud - I’m Black and I’m Proud. სწორედ კომპოზიცია, რომლის სახელი - "თქვი ხმამაღლა - მე შავი ვარ და ვამაყობ ამით! იქცა ერთგვარ ლოზუნგად ამერიკელი შავკანიანებისთვის, მოგვიანებით კი, მთელი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდა, რამაც მუსიკოსს აფრიკის ქვეყნებში მასშტაბური ტურნეს მოწყობა აიძულა.
* * *
1965 წელს ბრაუნის კინოდებიუტი შედგა კომედიაში "სათხილამურო წვეულება", რომელშიც ეპიზოდური როლი შეასრულა, 1970-იან წლებში მუსიკოსმა ისეთ ცნობილ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიც "ფენიქსი", ძმები ბლუზები" და "სმოკინგია", 1985 წელს კი, მუსიკოსის როლი შეასრულა სპორტულ დრამაში "როკი 4" სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით. მართალია, საერთო ჯამში ბრაუნმა 80-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მიითვალა ანგარიშზე, მაგრამ მეტწილად არა სპეციალურად მისთვის შექმნილი პერსონაჟი, არამედ საკუთარი თავი განასახიერა.