ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ესტონეთის პარლამენტი უარს ამბობს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე, სანაცვლოდ, კი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესირებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. განცხადება ესტონეთის პარლამენტის 49 წევრმა წარადგინა, მას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა.