ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების სიმტკიცეს, შეუვალობას გვაჩვენებს, თუმცა ეს დიქტატურის გზაა. როდესაც კანონი არის ის, რომელიც შენ მოგწონს და მას მხოლოდ სხვების წინააღმდეგ იყენებ, ეს დიქტატურისკენ მიმავალი გზაა - მზია ძალიან ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანია, ის არ დათმობს არაფერს და თავის პოზიციაზე ბოლომდე იქნება. დღეს, რაც მის გარშემო ხდება, სამარცხვინოა. ის, რომ ადამიანს ღიად შეურაცხყოფას აყენებენ და ლამის „მოქალაქეების თავებით ფეხბურთი ითამაშონ“, ეს ჩემთვის მიუღებელია,- ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადახედვის შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, დასკვნის სახით, მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს, რომელიც ჟურნალისტის მიმართ „სავალალო, ცუდ და სამარცხვინო რეალობას“ ნათლად ასახავს.
„მზიას საქმესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის ოფისიდან მეტ ინფორმაციას ველოდები დასკვნის სახით და მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა შეესაბამებოდეს იმ სავალალო, ცუდ და სამარცხვინო რეალობას, რომელიც მზიასთან დაკავშირებით არსებობს. მისი ქმედებები [ლევან იოსელიანის] კითხვებს იწვევს, ვისურვებდი, რომ ომბუდსმენის ოფისი ბევრად უფრო აქტიური და მეტად ჩართული იყოს იმ პროცესებში. მას და მის გადაწყვეტილებებს მეტი სიმწვავე, ოპერატიულობა და სიჩქარე სჭირდება. არის ვითარებები და სიტუაციები, როდესაც დროულობა ბევრ რამეს უპასუხებს. ის ამბობს, რომ ცდილობს კარგად მოამზადოს გადაწყვეტილებები, თუმცა არის ვითარება, როცა რესურსები ოპტიმალურად უნდა გადაანაწილო. დღეს არ არის ბუნდოვანებების დრო, მეტი ენერგიაა საჭირო“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ლაშა ტუღუში, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და გაბრაზდეს, რომელიც შემდგომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებებზე - სანქციებზე იქონიებს გავლენას.
„საზოგადოება უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, უფრო მეტი ადამიანი, გაფიცვა, ბრძოლა და გაბრაზებაა საჭირო, რომელიც მსგავს რეაქციებს გამოიწვევს ჩვენი გარე მეგობრების მხრიდან. დღეს რაც ხდება, ეს ქვეყნის ღალატია. ხელისუფლებამ ქვეყანა გადააგდო იმ მდგომარეობაში, სადაც ის ძალიან მოწყვლადია და შესაძლოა, რუსეთის და სხვა ბოროტი ძალების მსხვერპლი გახდეს. ეს კი იმ პირდაპირი ბნელი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ჯდება სამოქალაქო არდამორჩილება და რაც კი სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება, ყველაფერს მხარს ვუჭერ, რომ ვითარება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, თუ პროტესტი საკმარისი არ არის, ის კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს- დაწყებული გაფიცვებით, ქუჩებში პროტესტით, აქ არ ვგულისხმობ დამხობას, თუმცა მშვიდობიანი, ენერგიული და მწვავე პროტესტი მიზანთან გაგვიყვანს“, - განაცხადა ტუღუშმა.
რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ დაპირებას, ტუღუშის თქმით, მმართველი პარტიის ყველა განცხადებას სერიოზულად უნდა შევხედოთ და არა როგორც ზღაპარს.
„როცა ხელისუფლება ასეთი კატეგორიული მოთხოვნებით საუბრობს, რომ შექმნის საგამოძიებო კომისიას და ა.შ. სერიოზულად უნდა მივიღოთ, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოში ვართ. მარტო პარტიების აკრძალვაზეც არ არის საუბარი. ადამიანებს ძვლები დაუმტვრიეს, ქალი და კაცი არ იციან, ფეხსაცმელები გახადეს და ძარცვავდნენ, როდესაც სხვაგვარად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ. როდესაც პოლიციის უფროსი ქალს აფურთხებს- მე უნდა ვიფიქრო, რომ ეს სიზმარი და ზღაპარია და ხვალ ის კეთილი გახდება? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერაზე კი არა, ხელისუფლება ყველაფერზე წავიდა, კიდევ ზღაპრების გვჯერა, რომ ვიღაცამ დაიძინა და კეთილი გახდა? ეს არასერიოზულობაა... რამდენად შეიძლება ყველაფერზე წავიდეს კი არა, უკვე ყველაფერზე წავიდა...
ეჭვი არ შეგვეპაროს ამათ [„ქართული ოცნების“] მიზნებში, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.