„პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში - ეს იყო მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარები საქართველოს ოფიციალურ პირებს მიმართავენ განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ქართული საზოგადოების მოწოდება და იმსჯელონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად საჭირო გზებზე. ცალკეული ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა იმ ქმედებისგან, რომლებიც “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას მოახდენს. ევროპალამენტში გამართულ გუშინდელ დებატებზე კვლავ ისმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშილი საქართველოში ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირია, რომ საქართველოში ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლიერდება.