ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლოში აღნიშნეს, რომ ამ საქმეს არ განიხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში იქნება. სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე საჩივარი გუშინ, 20 იანვარს შევიდა. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღეს ჟურნალისტებმა ბათუმში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივ ოფისთან მორიგი აქცია ჩაატარეს. ისინი ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 14 იანვრიდან, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. როგორც ადვოკატი, ჯაბა ქათამაძე აცხადებს, ამ დროისათვის დაპატიმრებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.