აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა. აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან. ამასთანავე,დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სხვა ქმედებებთან ერთად, იწვევს პენტაგონის დამატებითი რესურსების და შეიარაღებული ძალების განლაგებას საზღვარზე კედლის მშენებლობის დასასრულებლად. ამასთან, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი სხვა აღმასრულებელი ქმედებები მოიცავს ამერიკის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეწყვეტას, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების ან სასამართლოების მეშვეობით უნდა გადაიჭრას. ასევე პრზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ლტოლვილთა განსახლების მინიმუმ ოთხი თვით შეჩერებას და მიმართვას გენერალური პროკურორისადმი, მოითხოვოს სიკვდილით დასჯა უსაბუთო მიგრანტების მიერ სამართალდამცავების მკვლელობისთვის ან სხვა ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით ისჯება. დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.