გასულ წელს „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 46,4% აფხაზეთის ოკუპირებულმა რეგიონმა მოიხმარა. ამის შესახებ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო-ს) 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი. კერძოდ, გასულ წელს „ენგურჰესმა“ და „ვარდნილჰესმა“ ჯამში, 4 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აქედან „ენგურჰესმა“ - 3 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი; ხოლო „ვარდნილჰესმა“ – 1 მილიონ კვტ/სთ-ზე ნაკლები. აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ კი საანგარიშო პერიოდში 1.893.462 კვტ/სთ შეადგინა. მთლიანად შარშან აფხაზეთმა 2.552.715 კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც დაახლოებით 659 000 კვტ/სთ საათი იმპორტით რუსეთიდან მიიღო. ცნობისათვის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესებია, ასევე რუსეთიდან იმპორტი. 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2024 წლის ბოლოდან დღემდე აფხაზეთის ენერგოსექტორი განსაკუთრებულ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. „ენგურჰესზე“ შემცირებული წყლის ნაკადის გამო, ოკუპირებული რეგიონი იძულებულია, რომ ელექტროენერგია დამატებით რუსეთიდან მიიღოს.