„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი იჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარული ბანკის Julius Baer არამართლზომიერი ქმედებების გამო. მისი ინფორმაციით, აღნიშნული შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას და დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ადვოკატი თემა წიქვაძე ამბობს, რომ ბანკმა ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. უფლებადამცველი განცხადებაში წერს, რომ კიდევ ერთი შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად, რაც მათ შორის გამოიხატება საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელშიც დაზარალებულს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს.