დონალდ ტრამპის სანქციები ვლადიმერ პუტინს - აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მრჩევლები რუსეთის წინააღმდეგ ვრცელი სანქციების სტრატეგიას ამზადებენ, რათა მომდევნო თვეებში რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიურად შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყონ. გარდა ამისა, ტრამპის გარემოცვა ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ წნეხის გაზრდას აპირებს. ტრამპის გუნდში რუსეთის მიმართ ორ ძირითად მიდგომას განიხილავენ. უცხოური მედიის ცნობით, თუკი მომავალი ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ უკრაინის ომის მოგვარება ახლო მომავალში შესაძლებელია, პირველი მიდგომა გულისხმობს კეთილი ნების ზომების მიღებას, რომელიც სარგებელს მოუტანს იმ რუსული ნავთობის დასანქცირებულ მწარმოებლებს, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების დადებას ხელს შეუწყობენ. ხოლო მეორე მიდგომით მომავალი ადმინისტრაცია უკვე არსებულ სანქციებს ახალს დაუმატებს და წნეხს კიდევ უფრო გაზრდის. შესაბამისად, გლობალური ნავთობის ბაზრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, თუ რომელ მიდგომას აირჩევს ტრამპი.