სახალხო დამცველი ეხმაურება ბათუმში დაკავებული მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. როგორც ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსთან“ საუბარში აცხადებს, უწყებამ საქმის მეტი დეტალის გასარკვევად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა. მისივე თქმით, სასამართლოს, ყველა პირობის გათვალისწინებით, ბევრად უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება შეეძლო. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ჟურნალისტებისა და აქტივისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამაღობელი ციხეში პოლიტიკური გარემოებების გამო რჩება.