გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს კანცლერი არ უხსენებია, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის რამდენიმე ხმის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა. ამასთან, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ მისთვის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა საარჩევნო კამპანიებში ქარის საპირისპიროდ მოქმედებას ნიშნავს. ბერბოკის შეფასებით, ოლაფ შოლცის ქცევა გერმანიის მიმართ ევროპელი მოკავშირეების ნდობას ზიანს აყენებს.