„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება. ფიცო და ზელენსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ, რაც უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მიერ რუსული გაზის დასავლეთში ტრანზიტის შეწყვეტას უკავშირდება. დეკემბრის ბოლოს ფიცო მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გაზის მიწოდების საკითხზე ესაუბრა. ზელენსკიმ ფიცო სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. 13 იანვარს რობერტ ფიცომ ზელენსკი გაზის ტრანზიტის მოლაპარაკებებისთვის სლოვაკეთში შეხვედრაზე მიიწვია.