ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ “ჰამასთან” ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. CNN-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტს შეხვედრის გამართვა დაავალა, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა: კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც ძალაში კვირას უნდა შევიდეს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, ასევე, იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.