მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჩაშლილი ტენდერების გამო ვერ იწყებს. თბილისის მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 ტენდერი ხელახლა გამოეცხადებინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე და ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთებზე. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 781 045 ლარია, ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის კი 6 812 435 ლარი. სატენდერო შესყიდვის მცდელობა თბილისის მერიას მანამდეც ჰქონდა, როცა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 4 ლოტად გასული წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა. თუმცა 4 შესყიდვიდან 2-ის შემთხვევაში ტენდერი პრეტენდენტის არარსებობის გამო ჩავარდა. დანარჩენ ორზე კი პრეტენდენტი მხოლოდ ერთი კომპანი - შპს დინ გრუპია. ამ ეტაპზე აღნიშნულ ლოტებზე შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.