საქართველოში საარსებო მინიმუმი 260 ლარი და 20 თეთრია. როგორც ირკვევა, გასული წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა, წინა თვესთან, ანუ ნოემბერთან შედარებით კი 2 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, სტატისტიკის სამსახურის დათვლით, გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 260 ლარი და 20 თეთრი იყო, მაშინ როცა 2023 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 249 ლარსა 60 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, გასული წლის დეკემბერში 230 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრა, ანუ დაახლოებით 30 ლარით ნაკლებია, ვიდრე ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის არსებობისთვის დადგენილი მინიმალური თანხის ოდენობა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული რაციონი, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.