ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების უახლეს სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. 2024 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 35 მლნ დოლარი გადაიგზავნა. რაც 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია. რაც შეეხება მთლიანად წლის მაჩვენებელს, „საქართველოში, გასულ წელს, ფულადი გზავნილების სახით 3 მილიარდ 360 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ძირითად წყაროს გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო. 2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და 541 მილიონი შეადგინა. 2021 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობა 411 მლნ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს $2 მილიარდს, 2023-ში კი $1.5 მილიარდს. წინა წელთან შედარებით გზავნილების საერთო მოცულობის შემცირების მიზეზი, მეტწილად რუსეთის ფედერაციიდან ფულადი ნაკადების შემოდინების კლების შედეგია. 2024 წელს ფულადი გზავნილების სტატისტიკაში, ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, 267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.