* Queen –
გასული საუკუნის 70–იან წლებში როკ–მუსიკის ეპიცენტრად ლონდონი ითვლებოდა, რადგან ბრიტანეთის დედაქალაქი ისეთ გიგანტებს მასპინძლობდა, როგორებიც The Beatles, The Who, The Pink Floyd და The Rolling Stones იყო. მართალია, მელომანები დარწმუნებული იყვნენ, რომ როკ–რევოლუცია შედგა და ახლო მომავალში განსაკუთრებული არაფერი მოხდებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ახალი ჯგუფი Queen, რომელმაც გლემ–როკის, პროგრესული როკისა და როკ–ოპერის გაერთიანებით, არა უბრალოდ უნიკალური ჟღერადობა შექმნა, არამედ საოცარი ოსტატობისა და უშრეტი ფანტაზიის, რთული ექსპერიმენტებისა და დაუვიწყარი როკ ჰიტების წყალობით შეიძინა ლეგენდის სტატუსი და მილიონობით თაყვანისმცემელი მთელ მსოფლიოში.
* * *
1966 წელს ფრედი მერკურიმ, რომელიც იმ პერიოდში მხოლოდ ილინგის სამხატვრო კოლეჯის სტუდენტი ფარუჰ ბუსლარა იყო, მშობლებისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა ცხოვრება და კენსინგტონის რაიონში, სადაც ლონდონის ბოჰემა სახლობდა, მეგობარ მუსიკოსთან კრის სმიტთან ერთად იქირავა პატარა ბინა. იმ პერიოდში გაიცნო ჯგუფის Smile-ის ლიდერი ტიმ სტაფელიც, რომელმაც ახლად შეძენილი მეგობარი რეპეტიციაზე მიიწვია და კოლექტივის დანარჩენი წევრები გააცნო. სხვებზე მეტად ფრედი დრამერს როჯერ ტეილორს დაუახლოვდა და რამდენიმე დღეში საცხოვრებლადაც გადავიდა მასთან.
1969 წელს, კოლეჯის დასრულების და დიზაინერის დიპლომის მიღების შემდეგ, 23 წლის ფრედი აქტიურად შეუდგა მუშაობას, ბევრს ხატავდა და ტეილორთან ერთად პატარა მაღაზიას მეურვეობდა, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გვერდით მისი ნახატებიც იყიდებოდა, თუმცა, გული მაინც მუსიკისკენ მიუწევდა, ამიტომ ჯგუფის Ibex-ის წევრების გაცნობის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში ისწავლა მათი რეპერტუარი და რამდენიმე საკუთარი სიმღერაც მიუმატა. თუმცა, ჯგუფი სწრაფად დაიშალა, ფრედიმ კი, რომელსაც ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა მუსიკის გარეშე, გაზეთის განცხადებით მოიძია ახალი კოლექტივი Sour Milk Sea ანუ „დადუღებული რძის ზღვა“. ახალბედა მუსიკოსი სწრაფად მიიღეს ჯგუფში, რადგან მისმა სპორტულმა აღნაგობამ, პლასტიურმა მოძრაობებმა და არაჩვეულებრივმა ვოკალურმა მონაცემებმა არავინ დატოვა გულგრილი.
* * *
მართალია, ჯგუფი რამდენიმე თვეში დაიშალა, მაგრამ 1970 წელს, მის ბაზაზე სრულიად ახალი კოლექტივი შეიქმნა, რომელმაც წინა ჯგუფების მუსიკოსები გააერთიანა და Queen-ის სახელი შეიძინა. სხვათა შორის, სწორედ მერკურიმ შექმნა ჯგუფის ღერბი, რომლის ცენტრში ასო Q მოათავსა, გარშემო კი, მუსიკოსების ზოდიაქალური ნიშნები დაიტანა, იმ პერიოდში შეიცვალა სახელიც და ოფიციალურად გახდა ფრედერიკ მერკური.
პირველი კომპოზიცია Seven Seas of Rhye მერკურის ავტორობით 1973 წელს მოხვდა ბრიტანულ ჩარტში, ერთი წლის შემდეგ კი, Queen-ის პირველი ჰიტი Killer Queen დაიწერა, რასაც 1975 წელს ყველაზე წარმატებული Bohemian Rhapsody მოჰყვა.
* * *
რთული ფორმის გამო, კომპოზიციის ჩაწერა თითქმის სამ კვირა გაგრძელდა, მით უფრო, რომ ხმისჩამწერი სტუდიის Rockfield 1–ის ხელმძღვანელი როი თომას ბეიკერი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 5-წუთიანი სინგლის გამოშვებას. კომპოზიცია მხოლოდ რადიოწამყვანის კენი ევერეტის წყალობით გაჟღერდა რადიოეთერში და ნამდვილი ბუმი გამოიწვია როკ-მუსიკის თაყვანისმცემელთა შორის. კომპოზიციამ ჩარტის 9-კვირიანი ლიდერობა შეინარჩუნა და ათასწლეულის სიმღერად დასახელდა. ჯგუფის მეორე ჰიტად 1977 წელს შექმნილი We Are The Champions იქცა, რომელიც მოგვიანებით ყველა სპორტული ღონისძიების და ოლიმპიადის არაოფიციალური ჰიმნი გახდა.
* * *
1975 წელს ჯგუფმა იაპონიაში იმოგზაურა. მართალია, Queen-ი მანამდეც აქტიურად აწყობდა გასტროლებს, მაგრამ მსგავსი წარმატება მართლაც პირველი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ შეიყვარა მერკურიმ ამომავალი მზის ქვეყანა და იაპონური ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაიწყო, 1979-ში კი, დიდი ხნის ოცნება აისრულა და ჰიტები Bohemian Rhapsody და Crazy Little Thing Called Love სამეფო საბალეტო დასთან ერთად შეასრულა.
* * *
1980–იანი წლების დასაწყისში ჯგუფმა სამი ალბომი გამოუშვა და კომპოზიციების სოლიდურ ნაკრებს მოუყარა, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა დევიდ ბოუისთან ერთად ჩაწერილმა Under Pressure–მ და Radio Ga Ga–მ მოიპოვეს, რომლის ვიდეოს ფრიც ლანგის 1927 წლის ფანტასტიკური ფილმის "მეტროპოლისის" კადრები დაედო საფუძვლად, თუმცა Queen-ის პოპულარობის პიკად მელომანები მაინც 1985 წლის 13 ივლისს, უემბლის სტადიონზე მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტს Live Aid–ს მიიჩნევენ.
მართალია, შოუში ელტონ ჯონი, პოლ მაკარტნი, დევიდ ბოუი, სტინგი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მაგრამ მხოლოდ Queen–ის გამოსვლა შეფასდა ტრიუმფად, როცა კრიტიკოსების განცხადებით „სტადიონზე თავმოყრილმა 75 ათასმა მაყურებელმა ეიფორია განიცადა, თავად მუსიკოსები კი, როკის ნამდვილ ლეგენდებად იქცნენ“. ერთი წლის შემდეგ Queen-მა უკანასკნელი ტურნე Magic Tour მოაწყო და ამჯერად 120 ათას ფანს მოუყარა თავი უემბლის სტადიონზე. მოგვიანებით კონცერტი ფილმად გადაკეთდა და სახელწოდებით Queen at Wembley გამოიცა.
1987 წლის გაზაფხულზე მერკურიმ ჯერ ალბომი Barcelona ჩაწერა მონსერატ კაბალიესთან თანამშრომლობით, მერე კონცერტი გამართა ოპერის დივასთან ერთად, რომელიც მის უკანასკნელ გამოსვლად იქცა, ერთგვარ გამოსამშვიდობებელ სიმღერად კი, მუსიკოსმა კომპოზიცია Mother love აქცია, რომელიც ალბომში Made in Heaven შევიდა და 1995 წელს გამოიცა. მძიმე სენით დაავადებულ მერკურის ძალიან გაუჭირდა მუშაობა, ამიტომ კომპოზიციის ბოლო ნაწილი მის ნაცვლად ბრაიან მეიმ ჩაწერა.