* ენი ლეიბოვიცი -
"ერთ მშვენიერ დღეს ფოტოკამერა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და სამყაროც თავისი ქუჩებითა და პარკებით, სახლებითა და რა თქმა უნდა, ადამიანებით აბსოლუტურად სხვანაირად გეჩვენება, რადგან რეალურ ცხოვრებას ახლებურად, მხოლოდ ფოტოკამერის ობიექტივიდან ხედავ", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ენი ლეიბოვიცმა, რომელმაც ბრწყინვალე შემოქმედებით დაადასტურა საკუთარი სიტყვები.
* * *
ენი ლეიბოვიცი 1949 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა სამხედრო მოსამსახურისა და თანამედროვე ცეკვის მასწავლებლის ოჯახში. პროფესიის არჩევისას მოზარდმა ენიმ დედის გზის გაგრძელება გადაწყვიტა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, ფოტოგრაფიით კი, მეორე კურსზე დაინტერესდა, როცა გაცვლითი პროგრამით იმოგზაურა იაპონიაში, დაბრუნებულმა კი, რამდენიმე გაკვეთილი გაიარა პროფესიონალ ფოტოგრაფთან.
მოსაწყენი ცხოვრების შეცვლა ყოველთვის აქტიურმა და ცნობისმოყვარე ენიმ ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა, როცა სწავლაზე გულაცრუებული ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად სოლომონ მეფის სასახლის საძიებლად გაემგზავრა ისრაელში არქეოლოგებთან ერთად და თან ახლად შექმნილი ჟურნალის Rolling Stone–ის რამდენიმე ნომერიც გაიყოლა. სწორედ პოპულარული მუსიკოსების ფოტოების თვალიერებისას გადაწყვიტა ლებოვიცმა, რომ ფოტოგრაფი გახდებოდა და მთელ ცხოვრებას ფოტოხელოვნებას მიუძღვნიდა.
* * *
შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა ლეიბოვიცმა Rolling Stone-ის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი იან უენერი გაიცნო და ჟურნალში შტატგარეშე ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა ფოტოხელოვანის ნიჭით აღფრთოვანებული უენერი არასდროს ზღუდავდა მის შემოქმედებით ძიებას, პირიქით ყველა პირობას უქმნიდა ჩანაფიქრის განსახორციელებლად და ლეიბოვიცმაც გაამართლა - რამდენიმე წლის შემდეგ მუსიკალური სამყაროს ყველაზე პოპულარული ჟურნალის მთავარ ფოტოგრაფად იქცა.
1974 წელს Rolling Stone "გაფერადდა", შავ-თეთრი ფოტოს ოსტატ ლეიბოვიცს კი, პრაქტიკულად თავიდან მოუწია ყველაფრის სწავლა, რადგან თუ მანამდე მხოლოდ "შავ-თეთრად აზროვნებდა" და არასდროს ფიქრობდა ფერის მნიშვნელობაზე, ახლა იძულებული გახდა სრულად აეთვისებინა ფერთა მთელი სპექტრი, განსხვავებული განათება და აქამდე უმნიშვნელო ნიუანსები.
1980 წლის დეკემბერში, ჯონ ლენონის და იოკო ონოს ერთობლივი ალბომი Double Fantasy გამოვიდა, ლეიბოვიცს კი, ფოტოსესიის მოწყობის შესაძლებლობა მიეცა და სწორედ მაშინ იქცა ნამდვილ ვარსკვლავად, რადგან ფოტოს, რომელზეც შიშველი ლენონი მთელი სხეულით ეხვევა მეუღლეს, ექსპერტთა დიდი ნაწილი დღემდე თანამედროვე ფოტოგრაფიის შედევრად მიიჩნევს, 2005 წელს კი, ამერიკული ჟურნალების რედაქტორების თანამეგობრობამ Rolling Stone-ის ცნობილი გარეკანი საუკეთესოდ დაასახელა უკანასკნელი 40 წლის მანძილზე შექმნილ ფოტოებს შორის.
* * *
Rolling Stone-ში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ ლეიბოვიცმა სიამოვნებით გადაინაცვლა მოდურ გამოცემაში Vanity Fair–ში და მართალია, დიდხანს ერგებოდა მუშაობის ახალ რეჟიმს - ერთ სტუდიაში თავმოყრილ უამრავ ადამიანს, სტილისტთა გაუთავებელ ფუსფუსს, სცენარისტთა და გამნათებელთა მუდმივ უკმაყოფილებას, მაგრამ სწორედ დაძაბული სამუშაო პროცესის წყალობით შეძლო ყველაზე მომთხოვნ და ამბიციურ - მოდის სამყაროში ადგილის დამკვიდრება.
მნიშვნელოვან ეტაპად ლეიბოვიცის შემოქმედებაში ცნობილი მსახიობების და მოდელების ჯგუფური პორტრეტები იქცა, როცა ფოტოგრაფი პრაქტიკულად დამოუკიდებლად დგამდა სცენებს და იგონებდა პერსონაჟების ისტორიას, ანაწილებდა როლებს და აწყობდა კომპოზიციას. სხვათა შორის, სწორედ ლეიბოვიცმა შექმნა დღეს უკვე სახელმძღვანელოდ ქცეული - ე.წ."Vanity Fair-ის სტილის" ჯგუფური პორტრეტი, სადაც ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური თავისებურებებით ხასიათდება.
ჯგუფური ფოტო სწრაფად იქცა ლეიბოვიცის სავიზიტო ბარათად, რადგან უნიჭიერესი ფოტოგრაფების სიუხვის მიუხედავად, თითოეული მოდელის ინდივიდუალიზმის ხაზგასმას ასე უშუალოდ მხოლოდ ენი ახერხებდა, რომელიც არასდროს გაურბოდა ექსპერიმენტებს და არ უფრთხოდა ურთიერთგამომრიცხავი დეტალებით საზოგადოების გაოცებას.
აღსანიშნავია, რომ ენი ლეიბოვიცი ერთადერთი ფოტოგრაფია, ვისი გამოფენაც ლონდონის National Portait Gallery-ში მოეწყო, 2007 წელს კი, ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ მეორეს პორტრეტების გაკეთების პატივი ერგო.
* ლეიბოვიცის 10 ფოტო, რომელთაც სამყარო შეცვალეს -
* კეტლინ ჯენერი -
2015 წელი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც ტრანსგენდერების განსაკუთრებული პოპულარობის წელი, რადგან მართალია, შეერთებული შტატების 1976 წლის ოლიმპიური ნაკრების "ოქროს ბიჭუნამ" და შვრიის ფანტელის Wheatie–ს უცვლელმა სახემ ბრიუს ჯენერმა, ცნობილი შოუს Keeping Up with the Kardashians წყალობით გაითქვა სახელი, მაგრამ მაჩო-ათლეტის მამაკაცური იმიჯი მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა, როცა ჯენერმა ღიად განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ქალად ყოფნას ნატრობდა. სწორედ ბრიუსის კეტლინად გარდასახვა აღბეჭდა ენი ლეიბოვიცმა Vanity Fair-ის გარეკანზე და როგორც ყოველთვის, არც ახლა მოერიდა პუბლიკის გაოცებას.
* მიკ ჯაგერი -
თავად ფოტოგრაფის აღიარებით, მუსიკოსების საუკეთესო ფოტოები მან სწორედ Rolling Stones-ის ოფიციალურ ფოტოგრაფად მუშაობისას და ჯგუფთან ერთად ტურნეებში მოგზაურობისას გადაიღო. შეთავაზება ახალგაზრდა ლეიბოვიცმა პირადად მიკ ჯაგერისგან მიიღო და მართალია, 1970-იანი წლების დასაწყისში არც მუსიკოსებთან ერთად მოგზაურობის, არც მათთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ბრწყინვალე შანსის ხელიდან გაშვება არ მოინდომა და არც შეცდა, რადგან პრაქტიკულად სრულად გაინაწილა ჯგუფის წარმატება, მიკ ჯაგერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო კი, 1975 წელს ნიუ-იორკში, კონცერტის დასრულების შემდეგ გადაიღო, როცა მუსიკოსს გამოსვლის ბოლოს წყლის გადავლების ერთგვარი ტრადიცია ჰქონდა.
* ლეონარდო დიკაპრიო -
1997 წელს, "ტიტანიკის" გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაღებულ ფოტოზე ახალგაზრდა, საკმაოდ მოკრძალებული ლეონარდო დიკაპრიოა აღბეჭდილი, რომელიც მართალია, ჯერ ნაკლებად სარგებლობდა "სერიული გულთამპყრობელის" ტიტულით, მაგრამ შექსპირისეული ტრაგედიის თანამედროვე ინტერპრეტაციაში რომეოს განსახიერებით უკვე ითვლებოდა მოზარდი გოგონების კერპად, ყელზე შემოხვეული გედი კი, ერთგვარი მინიშნებაა ბიორკის ცნობილ კაბაზე, რომლითაც მუსიკოსი 2001 წელს, "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა და პრესის ცინიკური შეფასებაც დაიმსახურა.
* კიტ ჰარინგი -
მხატვარმა, რომელმაც გრაფიტის სტილში ფერწერით, კაშკაშა ფერებისა და თამამი შტრიხების გამოყენებით გაითქვა სახელი, ლეიბოვიცისთვის პოზირებისას, საკუთარ ნამუშევრებს დამსგავსება გადაწყვიტა. ფოტო, რომელიც ალბომში "ენი ლეიბოვიცი მუშაობის პროცესში" შევიდა, 1987 წელსაა გადაღებული რამდენიმე თვით ადრე მხატვრის შიდსით გარდაცვალებამდე. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ჰარინგის შემოქმედებამ ერთგვარი რენესანსი განიცადა, როცა მისი ნამუშევრები მადონას ცნობილი ტურნეს Sticky & Sweet ფარგლებში გამოიფინა.
* დემი მური -
სწორედ მაშინ მიიქცია დემი მურმა ყურადღება, როცა შიშველ სხეულზე დახატული კოსტიუმით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ფოტო 1992 წელს, ორსული მსახიობის სკანდალურად ცნობილი ფოტოსესიის შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში გამოქვეყნდა და სწრაფად მოიპოვა აღიარება. როგორც ჩანს, მურმა სწორედ ასე აღნიშნა კინოს სამყაროში დაბრუნება და მოშურნეებისთვის დამტკიცება, რომ ისევ იდეალურ ფორმაშია, ან იქნებ, საკუთარი სხეულის ხელოვნებისთვის მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტა და ვერც წარმოიდგინა, რომ Vanity Fair გარეკანი მისი ფოტოთი, ათწლეულები შეინარჩუნებდა აქტუალურობას.
* ანჯელინა ჯოლი -
2005 წლის ივნისში, ანჯელინა ჯოლი მხოლოდ აზიელი ბიჭუნას მარტოხელა დედა იყო, რომელიც აქტიურად უწევდა რეკლამას ფილმს "მისტერ და მისსის სმიტები", ბრედ პიტი კი, ჯენიფერ ენისტონს "ეფიცებოდა ერთგულებას" და არავინ იცოდა, რომ სულ რამდენიმე თვეში ტაბლოიდებს წყვილის დაშორების სკანდალური ინფორმაცია ააჭრელებდა.
* ვუპი გოლდგებრი -
როგორც თავად ლეიბოვიცმა აღნიშნა, ფოტოს გადაღება მას ვუპი გოლდბერგის ერთ-ერთმა stand–up შოუმ შთააგონა, როცა მსახიობმა ხუმრობით გაიხსენა, როგორ ნატრობდა ბავშვობაში კანის მათეთრებლით "გასუფთავებას". ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დაუფიქრებლად დათანხმდა ფოტოსესიაში მონაწილეობას, სიამოვნებით ჩაიძირა გამთბარი რძით გავსებულ აბაზანაში და როცა მრავლად შეკრებილ ცნობისმოყვარეებს ენაც აჩვენა, ლეიბოვიცი მიხვდა, რომ არა მხოლოდ მსახიობის, არამედ საკუთარი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო შექმნა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს "უკვდავის" სტატუსს.
* ტომ ფორდის ჰოლივუდი -
Vanity Fair-ის ყოველწლიურმა გამოცემამ "ჰოლივუდური გარეკანი" პირველად 1995 წელს, კინემატოგრაფიის 100 წლის იუბილეზე "მოირგო" და კინოვარსკვლავების ფოტოების გამოქვეყნების ტრადიციაც დაამკვიდრა. 2006 წელს პოპულარული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრის პატივი კირა ნაიტლის, სკარლეტ იოჰანსონს და რეიჩელ მაკადამსს ერგოთ, თავად ფორდი კი, რომელიც იმ პერიოდში ჟურნალს ხელმძღვანელობდა, საერთოდ არ აპირებდა ფოტოსესიაში მონაწილეობას, თუმცა როცა დამორცხვებულმა მაკადამსმა ბოლო წუთს გადაიფიქრა გაშიშვლება და პრაქტიკულად გაიქცა სტუდიიდან, მისი ადგილი სწორედ დიზაინერმა დაიკავა. უხერხულობას ვერ ნაიტლიმ და იოჰანსონმა დააღწიეს თავი, რომლებიც კოლეგას დადევნებას აპირებდნენ და მხოლოდ ფორდის ნებას დაჰყვნენ, რომელმაც დაარწმუნა, რომ წლების შემდეგ, როცა ხანდაზმულები წარსულს გადაავლებდნენ თვალს, მხოლოდ აღფრთოვანდებოდნენ საკუთარი სილამაზით და იამაყებდნენ გამბედაობით.
ორსული დემი მური - 1991 წლის ზაფხულში Vanity Fair-ის გარეკანი ჰიტად ამჯერად ორსულმა დემი მურმა აქცია, რომელიც საკმაოდ თამამად პოზირებდა ლეიბოვიცის კამერასთან და თითქოს კამათში იწვევდა პუბლიკას, თუ რამდენად ზნეობრივი იყო მისი ზღვარგადასული თავისუფლება. სხვათა შორის, ლეიბოვიცი პირველი ფოტოგრაფია, ვინც ჯერ ორსული ვარსკვლავი "გააშიშვლა", მერე კი, მისი ფოტო ჟურნალის გარეკანზე გამოიტანა.
* ჯონ ლენონი და იოკო ონო -
ლეიბოვიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო 1980 წლის 8 დეკემბერს, ჯონ ლენონის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. როგორც მოგვიანებით თავად ფოტოგრაფი იხსენებდა, ის მხოლოდ ლენონის ფოტოსესიას გეგმავდა, თუმცა მუსიკოსმა უარი განაცხადა მეუღლის გარეშე გადაღებაზე და მართალია, ლეიბოვიცის ჩანაფიქრით წყვილი შიშველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ონომ ბოლო წუთს გადაიფიქრა, რადგან The Beatles-ის დაშლაში დადანაშაულებული, ისედაც არასდროს სარგებლობდა პუბლიკის განსაკუთრებული სიყვარულით.
შესაძლოა, სწორედ ორიგინალურობამ, იმ პერიოდისთვის ნაკლებად დამახასიათებელმა სითამამემ და მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა შესძინა ფოტის საბედისწეროს სტატუსი და სამუდამოდ აქცია ისტორიის ნაწილად.