არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც “ საელჩოში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადეს, სამართალდამცველები მომხდარ ფაქტს სწავლობენ. 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა კი სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.