რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც გუშინ სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლეები სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა პირების საქმეებს ერთმანეთის პარალელურად განიხილავდნენ. არცერთი მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შემწყდარა და არც ადმინისტრაციული სახდელის სხვა სახეობა არ გამოყენებულა გარდა პატიმრობისა. გუშინ სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ. მათივე თქმით, ისინი შენობაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ. თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მოსამართლეების კორპორაციული წვეულების პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.