ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ კომერციულ ბანკებში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 593%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო, ნოემბრის მონაცემებით, რუსულ რუბლში სულ განთავსებული იყო 104 მილიონ 270 ათასი ლარის ოდენობის რუბლის დეპოზიტები, მაშინ, როცა 2021 წლის ნოემბერში რუბლში დეპოზიტები 15 მლნ ლარს მცირედით აჭარბებდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუბლში დეპოზიტები წლიდან წლამდე იზრდებოდა, ასე მაგალითად 2022 წლის ნოემბერში ქართულ ბანკებში უკვე თითქმის 24 მლნ ლარის ოდენობის დეპოზიტები იყო განთავსებული, 2023-ში კი 85 მლნ ლარს მიაღწია. რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, თითქმის 440 მლნ ლარით გაიზარდა და 57 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ფინანსური მარეგულირებლის ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა, რა თქმა უნდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა.