დაგროვებითი პენსიით საქართველოში სულ 15 458 პირმა ისარგებლა, უკვე გაცემულია 61 მილიონ ლარზე მეტი. საპენსიო სააგენტომ გასული წლის დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 582 ათასი ადამიანია. რაც შეეხება საპენსიო აქტივების ღირებულებას, ეს მაჩვენებელი 6.1 მლრდ ლარს გაუტოლდა, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა მილიარდ 43 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრის მაჩვენებლებით, აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში, დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.3% შეადგინა. იმავე პერიოდში, დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 14,3% იყო, ხოლო კონსერვატიულის 12.8%. აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო.