ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა - Palitra News

ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

2025-01-14 13:05:48+04:00

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტებიდან კლინიკაში 1 მოქალაქე რჩება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი ირაკლი კორძახია აცხადებს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.

ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის - 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“,- აცხადებს კლინიკის ექიმი.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.