თბილისში, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები, მათგან ყველაზე პატარა 4 წლისაა. შენობის ერთ-ერთ სართულზე მომხდარი აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, კორპუსში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. შემთხვევის ადგილზე მივიდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, შენობის მდგრადობის შემოწმების დამთავრებამდე იქ მცხოვრებთ დროებით საცხოვრებლებში განათავსებენ.