საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდი. ხელისუფლების ოპონენტები მიხაელ როთის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მასთან შეხვედრის დროს ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს. მათივე განცხადებით, დახურულ კარს მიღმა სანქციების ბერკეტის გამოყენებაზეც ისაუბრეს. ოპოზიციის ინფორმაციით, სანქციები „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატშიც ამოქმედდება - ამ შემთხვევაში, ვაიმარის წევრი სახელმწიფოების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს დაუწესებენ.