გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. მიხაილ როთი აქციაზე დემონსტრანტებს გაესაუბრა.
მიხარილ როთის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ნორმალურია, თუმცა საქართველოს მთავრობას არ სურს უკეთესი გახდეს, მათ სურთ ქვეყნის მომავალი გაანადგურონ.
„ეს სირცხვილია. როცა ხალხი მშვიდობიანად აპროტესტებს თავიანთი უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, მთავრობას ან უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს უფლება ისინი ციხეში ჩასვას. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა სავსებით ნორმალურია. ჩემს ქვეყანაში ჩემი მოქალაქეები როგორც პარლამენტარს თითქმის ყოველდღე მაკრიტიკებენ და ეს კარგია, რადგან ეს შანსია უკეთესი გავხდე. მაგრამ ამ მთავრობას არ სურს უკეთესი გახდეს, მათ უბრალოდ სურთ ქვეყნის მომავალი გაანადგურონ, მაგრამ ხალხს რუსული ცხოვრების წესი არ მოსწონს, მათ ევროპული ცხოვრების წესი მოსწონთ და აქ სწორედ ამიტომ ვარ. დამოუკიდებელი ჟურნალისტები, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ქუჩაში მყოფ ხალხთან ერთად თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამიტომ იბრძვიან“, - განაცხადა მიხაილ როთმა.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას საპროტესტო მსვლელობით „ფარმაცევტების მარში" შეუერთდა. ასევე, პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ აბუ-დაბიში მომხდარ ინციტენტში მონაწილე ლაშა გაბიტაშვილის მხარდამჭერები.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სადაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.