რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები ქალაქის მთავარ სამმართველოში დღეს უფლებადამცველებმა მოინახულეს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაკო მაღრაძე საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით დაკავებაზე საუბრობს ადვოკატი ვერიკო გაგუა, რომელიც მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძის უფლებებს იცავს. მისი ინფორმაციით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება და ადმინისტრაციული დანაშაული არ ჩაუდენია. თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ამინისტრაციულ დამართალდარღვევას, კერძოდ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა შეკრება დაიწყეს. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა.