ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, 2024 წლის 27 მაისის შეთანხმებაზე დაფუძნებული, დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს. ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ასადის რეჟიმის დაცემასა და რეგიონში ირანის ძალაუფლების შესუსტებაზეც ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, რაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად შესაძლებელი გახდება.