პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 2024 წლის, 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. საქმე დასკვნით ეტაპზეა. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.