სერბეთის დედაქალაქში ათიათასობით დემონსტრანტი ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა. ბელგრადში აქციის მონაწილეებმა 15 წუთის განმავლობაში დუმილით რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეები ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აქცია ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს. ისინი სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, რასაც პარტია და პრეზიდენტი უარყოფენ. სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ითხოვენ სადგურის განახლებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. რკინიგზის განახლებული სადგურის სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.