აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უვიზოდ მყოფი რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში ქვეყანაში 90 დღეზე მეტ ხანს ყოფნას ვერ შეძლებენ. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე საპასუხო ნაბიჯია. ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29 გადარჩა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ალიევმა ასევე ისაუბრა იმ პირობებზე, რაც აზერბაიჯანულ მხარეს აქვს. ესენია რუსეთის მხრიდან დანაშაულის აღიარება, დამნაშავეების დასჯა და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, დაშავებული მგზავრებისთვისა და ეკიპაჟის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა.