ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპარლამენტარებს, კერძოდ, ლიეტუვიდან დაინიუს ზალიმასის და პოლონეთიდან მიხალ ვავრიკიევიჩის ხვდებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ცვლილებისთვის”, კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” და “გახარია საქართველოსთვის” ლიდერები.
„მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ვიზიტი და გამოხატვა იმ დიდი მხარდაჭერის, რაც ქართველ ხალხს აქვს. მადლობა მათ რომ აქ არიან, გულშემატკივრობენ საქართველოს, გულშემატკივრობენ იმას, რომ ეს ქაოსი და არეულობა, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა, შევცვალოთ ევროკავშირისკენ სვლით და დავაწყნაროთ ქვეყანა. მადლობის მეტი რა გვეთქმით, მიუხედავად შობა-ახალი წლისა, ჩამოდიან და მგულშემატკივრობენ ქართველ ხალხს. ვისაუბრებთ, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ და ჩვენ მათთან ერთად, ქართველი ხალხი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას”, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზეც.
“არეულობის და ქაოსის მომტანი ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობის და რუსული ინტერესების გატარების გამო არის დასანქცირებული. ამიტომ “ქართული ოცნება” არის რუსული ინტერესების გამტარებელი ძალა, ამას წყალი არ გაუვა და მისი მოშორება არის ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა, თუ გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ ევროპულ, ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, მივდივართ წინ და არა უკან.ივანიშვილი, ფაქტობრივად, ამ სანქცირებით არის ცალსახად საბჭოთა წარსული. ამაზე ვისაუბრებთ ევროპელ პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც გაგრძელდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა ვაშაძემ.