მოლდოვის პარლამენტმა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი მთავარ საფრთხედაა დასახელებული. 2024-2034 წლების თავდაცვის სტრატეგიის განხილვა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხანგრძლივი დებატებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებული გარემოებებია. მთავარი საკითხები - ომი უკრაინაში და ომის გაფართოების რისკი მოლდოვის ტერიტორიაზე, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმები, დნესტრისპირეთში განლაგებული რუსი სამხედროები და რუსული ფორმირებებია.
მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად კი, დოკუმენტში თავდაცვის ხარჯებისა და სამხედრო ბაზების გაზრდა და სამხედრო განათლების გაუმჯობესებაა წარმოდგენილი. დოკუმენტის თანახმადვე, ნატო აგრესიის შეკავებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სტრატეგიაში ასევე წარმოდგენილია შეთავაზება, რომ ევროკავშირის სამშვიდობო და სამოქალაქო მისიებში მოლდოვის მონაწილეობა გააქტიურდეს და 2034 წლამდე მისი სამხედრო სტრუქტურების ინტეგრირება ევროკავშირში 100%-ით მოხდეს.