საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.
დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 მლნ დოლარზე მეტი , რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს. შემდგომში კი, დაკავებულებმა თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.