მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მსგავსად ქართულ ოცნებას უცხოელი ელჩები არც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მოუწვევია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილი განმარტავს, რომ ღონისძიებაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა განსაზღვრული არც ჰქონდა და მნიშვნელოვანია პროცესს თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები და კონსტიტუციური ორგანოები დაესწრონ. ამდენად ვიდრე ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე კონსულტაციებს მართავს, ქართული ოცნება საკუთარ გეგმას არ უხვევს და 29 დეკემბერისთვის ემზადება. საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ღონისძიება 11 საათზე დაიწყება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმური ვერ იქნება.