აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა დააზიანა. ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში, რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები. ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს.როგორც BBC წერს, ვერსია ლოგიკურია, თუმცა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ისეთი სამსახურების მიერ, რომლებიც საჰაერო სივრცეს მეთვალყურეობას უწევენ და რაკეტების გაშვების დაფიქსირება შეუძლიათ. აზერბაიჯანის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ, სადაც უამინდობის გამო დაშვება ისევ ვერ მოხერხდა და თვითმფრინავმა გეზი ყაზახეთისკენ აიღო. სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ნაწილებად დაიშალა, 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. 26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული.