გიგანტური კორპორაცია Marriott International თითქმის 100 წელია არსებობს, მაგრამ სასტუმროები, რომელთანაც დღეს ასოცირდება, ჯონ უილარდ მარიოტმა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა - Palitra News

გიგანტური კორპორაცია Marriott International თითქმის 100 წელია არსებობს, მაგრამ სასტუმროები, რომელთანაც დღეს ასოცირდება, ჯონ უილარდ მარიოტმა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა

2024-12-26 08:45:35+04:00

* ჯონ უილარდ მარიოტი –

მართალია, გიგანტური კორპორაცია Marriott International თითქმის 100 წელია არსებობს, მაგრამ სასტუმროები, რომელთანაც დღეს ასოცირდება, ჯონ უილარდ მარიოტმა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა, მანამდე კი, საკვები პროდუქტის ბიზნესში საქმიანობდა და მთელი ამერიკის გამოკვებას ნატრობდა.

მარიოტის ისტორია ძალიან ჰგავს კონკიას ზღაპარს, რადგან სენდვიჩებითა და გაზიანი სასმელით ვაჭრობით დაწყებული საქმე რამდენიმე ათწლეულში სასტუმროების ქსელის უმსხვილეს ბიზნესად აქცია. მარიოტი სწრაფად მიხვდა, რომ სხვისი ობიექტების მართვა უფრო ეფექტურ იყო, ვიდრე საკუთარი სასტუმროს შენება და არც შეცდა, რადგან დღეს Marriott მსოფლიოს ერთ–ერთი ცნობილი და პოპულარული სასტუმრო–ბრენდია, რომლის წლიური შემოსავალი საშუალოდ 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.

* * *

ჯონ უილარდ მარიოტი 1900 წლის 17 სექტემბერს დაიბადა იუტას შტატში, უზარმაზარ რანჩოზე ქალაქ ოგდენთან ახლოს, რომლის ნაწილს მართალია, მისი მშობლები ფლობდნენ, მაგრამ დაქირავებულ მუშებთან ერთად მაინც უწევდათ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ჯონი ერთ–ერთი იყო შვიდ და–ძმას შორის, მორმონი მარიოტების მრავალშვილიან ოჯახში, რომელიც არა საკუთარ, არამედ რელიგიური თემის წარმომადგენელთა საერთო გვარს ატარებდა.

* * *

მუშაობას ჯონი ბავშვობაში შეაჩვიეს. მართალია, მამა უამრავ საქმეს ავალებდა, მაგრამ არასდროს ეუბნებოდა როგორ შეიძლებოდა მათი შესრულება, "მამამ პასუხისმგებლობის გრძნობა განავითარა ჩემში. მეუბნებოდა რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არასდროს მიხსნიდა როგორ უნდა გამეკეთებინა. მაშინ ძალიან ვბრაზობდი, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ აღზრდის სწორი მეთოდი იყო, რადგან ადრეული ასაკიდანვე შევეჩვიე გადაწყვეტილების მიღებას და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნას",– გაიხსენა მოგვიანებით მარიოტმა, რომელიც ადრეული ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად უვლიდა შინაურ პირუტყვს, რგავდა და კრეფდა შაქრის ჭარხალს, 13 წლისამ კი, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და რანჩოს აუთვისებელ მიწაზე სალათის ფურცლების მოყვანას შეუდგა, რომელსაც მოგვიანებით ბაზარში ჰყიდდა. საერთო ჯამში მოზარდმა მარიოტმა 2 ათასი დოლარი შეაგროვა, თუმცა წვრილმანებზე დახარჯვის ნაცვლად მთელი დანაზოგი მშობლებს მისცა.

მამამ შვილის მონდომება დააფასა და 3 ათასი ცხვარი მიაბარა სან–ფრანცისკოში გასაყიდად, რასაც 14 წლის ჯონმა ბრწყინვალედ გაართვა თავი, თუმცა მიხვდა, რომ სოფლის მეურნეობა მისი საქმე არ იყო და 19 წლისა აღმოსავლეთ სანაპიროზე, ახალ ინგლისში გაემგზავრა რელიგიური მისიით, 2 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულმა კი, განათლების მიღება გადაწყვიტა. მარიოტმა ჯერ კოლეჯი დაამთავრა, მერე სოლტ–ლეიკ–სიტის უნივერსიტეტში ჩააბარა და დამოუკიდებლად გადაიხადა სწავლის საფასური შალის წინდების გაყიდვით მიღებული შემოსავლით.

* * *

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჯონმა ვაშინგტონში გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება, სადაც რამდენიმე წლით ადრე მისიით იმოგზაურა და ჩათვალა, რომ ზაფხულის სეზონზე ცხელი და ჩახუთული ქალაქი იდეალური ადგილი იყო გამაგრილებელი სასმელების გასაყიდად.

1927 წლის მაისის თვეში მარიოტმა მეუღლესთან ერთად ისესხა ბანკიდან 6 ათასი დოლარი, მერე კი, ძველ მეგობარს ჰიუ კოლტონს შესთავაზა პარტნიორობა და სწორედ მასთან ერთად შეიძინა სპეციალური მოწყობილობა, იქირავა მიტოვებული მაღაზია და გახსნა კაფე A&W Root Beer, სადაც ტრადიციული ამერიკული გაზიანი სასმელის – სასაფრას ფოთლებითა და ფესვებით, ძირხვენითა და მუსკატის ზეთით შექმნილი კოქტეილის, ქუჩის ჯიხურში კი, ბურახის გაყიდვას შეუდგა. რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ კომპანიონებმა არა მხოლოდ კრედიტის დაფარვა შეძლეს, არამედ საზაფხულო რესტორანი Hot Shoppe გახსნეს, სადაც კლიენტებს სხვადასხვა კერძი შესთავაზეს.

* * *

გაუმართლა მარიოტს ქორწინებაშიც, რადგან მეუღლე ელის შიიტსი, რომელმაც ორი ვაჟიშვილი აჩუქა, არა მხოლოდ ერთგული და საიმედო პარტნიორი, არამედ იუტას შტატის სენატორის ქალიშვილიც აღმოჩნდა, რისი წყალობით ჯონმა ჯერ ვაშინგტონის შეძლებულ მეწარმეებთან გააბა საქმიანი ურთიერთობა, მერე სამი ახალი რესტორანი შეიძინა და 1929 წელს Hot Shoppe–ის კვების ობიექტების სოლიდური ქსელი გამართა.

სარფიანი წამოწყების და სოლიდური შემოსავლის მიუხედავად, მარიოტს მაინც მოუწია ბიზნესის გაყიდვა, რადგან 1930–იანი წლების "დიდმა დეპრესიამ" სხვა ბანკებთან ერთად ის ბანკიც გააკოტრა, სადაც დანაზოგს ინახავდა. თუმცა, ზარალს არ შეუშინდა და ორი ახალი რესტორანი გახსნა შედარებით დაბალი ფასებით, რომელსაც ამერიკელები კრიზის მიუხედავადაც მაინც სისტემატურად სტუმრობდნენ სწორედ იაფფასიანი საკვებით დანაყრების სურვილით.

* * *

მარიოტმა შეამჩნია, რომ Hot Shoppe–ის ერთ–ერთ რესტორანში, რომელიც გუვერის აეროდრომთან ახლოს მდებარეობდა, კლიენტების უმეტესობა გაფრენის წინ აუცილებლად სენდვიჩს და ყავას უკვეთდა თან წასაღებად. მომხმარებლის ჩვეულებამ ჯონს ახალი წამოწყებისკენ უბიძგა. 1937 წელს მარიოტმა აეროდრომის ტერიტორიაზე ავიაკომპანიების Eastern American–ის, United–ისა და Capital Airlines–ის მომსახურების პირველი პუნქტები აამუშავა და საბორტო კვების სისტემა აამოქმედა, ორი წლის შემდეგ კი, კაფეები გახსნა თავდაცვის სამინისტროს საწარმოებში, რასაც სულ მალე უმსხვილეს მაგისტრალებზე სწრაფი მომსახურების კვების ობიექტების – ე.წ. drive in–რესტორნების გახსნა მოჰყვა.

* * *

1957 წელს მარიოტმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა და ვირჯინიას შტატის ქალაქ არლინგტონში 365 ნომერზე გათვლილი ერთ–ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი მოტელი Twin-Bridges Marriott Motor Hotel ააშენა. აღსანიშნავია, რომ ყველა ნომერი, რომელთა დაქირავება ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეიძლებოდა, კონდიციონერით, ტელევიზორით, რადიოთი და ტელეფონით იყო აღჭურვილი. მოტელის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოგასამართი სადგური, უნივერსალური მაღაზია და სილამაზის სალონი, Hot Shoppe–ის რესტორანი, აუზი და დასვენების ზონა. რეგისტრაციის გავლა ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე შეიძლებოდა, სტუმრებს კი, უზარმაზარი კომპლექსის ტერიტორიაზე მომსახურე პერსონალი აცილებდა ველოსიპედებით.

"მოტორ–ოტელში", როგორც მას ხშირად ეძახდნენ, ერთ ღამეში სულ რაღაც 9 დოლარად შეიძლებოდა მდიდრული სასტუმროსთვის დამახასიათებელი სერვისის მიღება, რაც მოტელის სტუმრებს ეკონომიურად, თუმცა კომფორტულად დასვენების საშუალებას აძლევდა. Marriott–ის პირველი მოტელის გაძღოლა ჯონის შვილმა – 24 წლის ბილიმ ითავა, რადგან უფროსმა მარიოტმა ჩათვალა, რომ ნაკლები გამოცდილება ჰქონდა ახალ ბიზნესში.

სწორედ ბილის ხელმძღვანელობით განვითარდა მოტელების ბიზნესი, რამაც ოჯახურ კომპანიას სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური მოტელების გახსნის საშუალება მისცა. 1969 წელს მექსიკურ აკაპულკოში გაიხსნა მოტელი Paraiso, 1975 წელს კი, ამსტერდამს შეემატა მარიოტის კიდევ ერთი სასტუმრო, რასაც 1980–იან წლებში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში რამდენიმე ქსელური ობიექტის შეძენა, ახალი ოტელების გახსნა და ახალი ბრენდების შექმნა მოჰყვა. თუმცა, 1989 წელს ჯონ მარიოტს ჯერ რესტორნებზე უარი თქვა, მერე ე.წ. საბორტო კვების ბიზნესის გაყიდვა მოუწია, რომლის წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

* * *

1980 წელს, როცა მარიოტმა შედარებით ეკონომიური ოტელების სეგმენტის შესწავლა გადაწყვიტა, კომპანიის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად მთელი ამერიკა შემოიარეს და დეტალურად შეისწავლეს საშუალო დონის სასტუმროებში არსებული მომსახურება. შედეგად, 1982 წელს კომპანიამ ე.წ. Courtyard by Marriott–ის კონცეფცია დაამკვიდრა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ამერიკელების წარმოდგენა მოგზაურთათვის შექმნილ ეკონომიურ ოტელებზე.

ახალ სასტუმროებში Marriott–მა სტუმრებს მომხიბვლელი, კომფორტული და ფუნქციონალური ნომრები შესთავაზა ხარისხიანი მომსახურებით, რაც უსაფრთხოებას და მყუდრო გარემოს, კარგად ორგანიზებულ სერვისსა და კეთილგანწყობილი პერსონალის მომსახურებას ითვალისწინებდა. Courtyard–ის ტიპის ეკონომიური ოტელების ქსელის შექმნა გარდამტეხი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან სწორედ ამ სეგმენტში მიღწეული წარმატება დაეხმარა ბაზრის სხვა სეგმენტების ათვისებაში.

* * *

ჯონ მარიოტს ძალიან არ მოსწონდა ფრანჩაიზინგის იდეა, რადგან კონტროლის დაკარგვისა და საკუთარი ბრენდის უნაკლო რეპუტაციის გაფუჭების ეშინოდა, ამიტომ დიდხანს ვერ ბედავდა ფრანჩაიზინგული ოტელებისთვის საკუთარი სახელის მიცემას. მეტიც, 1970–იანი წლების დასაწყისში გახსნილი პარტნიორული სასტუმროები მისი დაჟინებული მოთხოვნით არა მხოლოდ განსხვავებული – Marriott Inns–ის სახელით, არამედ განსხვავებული ექსტერიერის დიზაინით გამოჩდნენ ბაზარზე.

1973 წელს კომპანიამ, რომელიც ახლა უკვე Marriott Corporation–ად იწოდებოდა, პირველი კონტრაქტი გააფორმა მმართველობაზე, ხუთი წლის შემდეგ კი, აქტიურად შეუდგა საკუთარი სასტუმროების გაყიდვას, რადგან აქცენტი მხოლოდ მათ მმართველობაზე გადაიტანა. ბილ მარიოტმა, რომელიც იმ პერიოდში დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის ირიცხებოდა, ჩათვალა, რომ ოჯახისთვის ბიზნესის ამ მეთოდით წარმოება უფრო მომგებიანი იყო. "რა საჭიროა ელოდო, სანამ სხვები აშენებენ სასტუმროს და მოგვამართავენ მმართველობის ორგანიზებისთვის, როცა შეიძლება თვითონ ავაშენოთ, გავყიდოთ და გავაფორმოთ კონტრაქტი მათ მართვაზე. რა საჭიროა ელოდო როდის მიგიწვევენ საცეკვაოდ, როცა თვითონ შეგიძლია საცეკვავო დარბაზის აშენება და ორკესტრის მიწვევა?!" – მოგვიანებით ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება უმცროსმა მაირიოტმა.

* * *

1990 წელს უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსი ნამდვილ კატასტროფად იქცა Marriott Corporation–თვის, მით უფრო, რომ ომმა სპარსეთის ყურეში ქვეყნის ეკონომიკაც სერიოზულად აზარალა, რასაც ე.წ. overbuilding ანუ "მოჭარბებული მშენებლობაც" დაემატა. მართალია, 1980–იან წლებში სასტუმროების გაყიდვით კომპანიამ 6 მილიარდი დოლარი იშოვა, მაგრამ ახალი ობიექტებზე მოთხოვნის მინიმუმამდე შემცირებით რამდენიმე მილიარდიანი ზარალი განიცადა, რამაც დირექტორთა საბჭოს ერთადერთი მართებული გადაწყვეტილების მიღება და სასტუმრო–ბიზნესის ცალკეული სეგმენტების გაერთიანება აიძულა.

ბილ მარიოტმა სხვადასხვა საფასო დონის ობიექტებს, საკუთართან ერთად პარტნიორების სასტუმროებსაც მოუყარა თავი და მხოლოდ საქმიანობის სფეროებად დაყო ერთიანი სტრუქტურა. 1992 წელს კომპანია ორ – Marriott International–სა და Host Marriott Corporation–ის დამოუკიდებელ სექტორებად გაიყო. პირველმა ოტელების ქსელის განვითარება ჩაიბარა სასტუმრო ობიექტების სრულად ან ნაწილობრივ შესყიდვით, მეორე კი, ტურისტული სერვისისა და მოგზაურებისთვის დამატებითი მომსახურების სხვადასხვა სფეროში შეუდგა საქმიანობას – ავიახაზების შესყიდვით დაწყებული, სპორტული და გასართობი კომპლექსების მშენებლობით დასრულებული.

უმსხვილესი ბიზნესის ორგანიზება პირველ რიგში პერსონალის სტაბილური და გუნდური მუშაობის წყალობით გახდა შესაძლებელი, "იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლების კარგად ყოფნაზე იზრუნებთ, თანამშრომლები აუცილებლად იზრუნებენ თქვენს კეთილდღეობაზე", – შენიშნა ბილ მარიოტმა, რომელმაც საქმით დაადასტურა საკუთარი სიტყვები.

სწორედ მსგავსი პრინციპით მუშაობისა და პერსონალის სისტემატურად უფასო გადამზადების წყალობით შეძლო კომპანიამ კრიზისის დროს სტაბილურობის შენარჩუნება, როცა სასტუმრო ბიზნესისთვის უმძიმეს პერიოდში რამდენიმე თვით "გაიყინა" პერსონალის ხელფასი, თუმცა არავის უფიქრია გაქცევა და ახალი სამუშაოს მოძიება.

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, რომელიც 1990–იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა, კომპანიამ მაინც შეძლო Ritz-Carlton Hotel Company LLC–ის შეძენა, რომელმაც შემოსავალთან ერთად აღიარებაც მოუტანა. ბრწყინვალე გარემოსა და იდეალური სერვისის წყალობით რესპექტაბელური სასტუმრო დღესაც პოპულარობით სარგებლობს ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის.

დღეს Marriott–ის კორპორაციაში გაერთიანებულ ყველა ბრენდს საკუთარი მენეჯერი ჰყავს, რომელიც სავაჭრო მარკის ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე აგებს პასუხს. სწორედ მუშაობის ამგვარი პრინციპის წყალობით ვითარდება უმსხვილესი კორპორაცია 21–ე საუკუნეში და არა მხოლოდ მის მმართველობაში არსებული სასტუმროების რაოდენობა, არამედ შემოსავალიც ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარით იზრდება.