პროცედურულად საარჩევნო დღე მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი და ამომრჩევლების, ისევე როგორც მოქალაქე დამკვირვებლების ფართოდ გავრცელებული დაშინებით, - ამის შესახებ ეუთო/ოდირი საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში წერს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ODIHR-ის დამკვირვებლებმა აღნიშნეს ამომრჩევლებზე ზეწოლის მრავალი ნიშანი, ცნობები, რომ ბევრი ამომრჩეველი გრძნობდა ზეწოლას, მმართველი პარტიის სტრუქტურებისა და დაკავშირებული პირების მხრიდან მეთვალყურეობას და ასევე, ჭარბ ხალხმრავლობას ბევრ საარჩევნო უბანზე.
„ბევრ შემთხვევაში, დაკვირვებების 24%-ში, ხმის საიდუმლოება პოტენციურად შელახული იყო საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების ფორმის, საარჩევნო უბნების შეუსაბამო შიდა განლაგებისა და ნიშნების გამო, რომლებიც ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა. დამატებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად ახდენდნენ საარჩევნო პროცესის ვიდეო-გადაღებას, რასაც შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი ჰქონოდა ამომრჩევლებზე. დათვლის პროცესმა გამოავლინა პროცედურული ხარვეზები, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენების შეუსაბამო მოპყრობა, ხმების ხმამაღლა ვერგამოცხადება და ბიულეტენების ვალიდურობის დადგენაში არათანმიმდევრულობის შემთხვევები. საუბნო საარჩევნო კომისიებში შედეგების პროტოკოლების მოპყრობა არათანმიმდევრული იყო. მაშინ როდესაც წინასწარი შედეგები სწრაფად გამოქვეყნდა ონლაინ ცესკოს მიერ, საკვანძო მონაცემები, საარჩევნო უბნების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა და არავალიდური ხმების რაოდენობა, მომხმარებლისთვის კომფორტულ ფორმატში არ გახდა ხელმისაწვდომი," - ნათქვამია ანგარიშში.